საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გამართა შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციასთან

14.02.2018 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის სამართველოს უფროსთან ვილიამ ტომპსონთან, საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან სტეპჰენ ტომსენთან და პროექტების მენეჯერთან დანიელ ქვოდბექთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და OECD-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ბ-ნმა გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა OECD-ის აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში რეფორმების წარმატებულ განხორციელებაში. განსაკუთრებით აღინიშნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, საგადასახადო და გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობის  ნაყოფიერი გამოცდილება.  მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ.

ბ-ნმა ვილიამ ტომპსონმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ ბევრი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა. აღინიშნა, რომ იგეგმება ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშიც. ბ-ნმა ტომპსონმა  ხაზი გაუსვა, რომ OECD კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და დაგეგმილი რეფორმების აქტიურ მხარდაჭერას.