საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

6.05.2018 ქ.პარიზი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ისტორიული და ახალი დიასპორის ასობით წარმომადგენელმა და საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ხსოვნის ცეცხლი აანთეს და ტრიუმფალური თაღი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს  ორკესტრის საპატიო თანხლებით ჩატარდა, რომელმაც შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ხოლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“ ქართულმა გუნდებმა შეასრულეს. 
 
ღონისძიების ფარგლებში, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, არქიმანდრიტმა არჩილმა და პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებლად   ერთობლივი პარაკლისი გადაიხადეს.
 
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში საფრანგეთში ასევე დაგეგმილია მრავალი კულტურული და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება. საიუბილეო აქტივობების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი  ლევილის ქართულ მამულს უკავია, სადაც  ივნისში, გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს.  ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.