საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის შეხვედრა კანადის დელეგაციასთან

28.02.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სამმართველოს დირექტორის მოადგილეს ვაჭრობის საკითხებში რიჩარდ ტარასოვსკის, კანადის სავაჭრო წარმომადგენელს სტამბოლში კრისტოფერ ვიმერს და ანკარაში კანადის საელჩოს თანამშრომლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და მათი გაფართოების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და კანადას შორის, ბიზნესისა და ინვესტიციების მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო კანადური კომპანიების საქართველოს ბაზრით დაინტერესებას და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში კანადური ბიზნეს-მისიის განხორციელების საკითხს.

კანადის დელეგაციის თბილისში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.