საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შიმონ შინკოვსკი ველ სეკთან

6.11.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შიმონ შინკოვსკი ველ სეკთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებაზე.

მხარეებმა განიხილეს სახალხო და კულტურის დიპლომატიის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ახლადდაფუძნებული „პოლონური ინსტიტუტის“ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა პოლონეთის, როგორც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ქვეყნის როლზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის პრომოციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ თბილისში „პოლონური ინსტიტუტის“ დაარსება დამატებით პლატფორმას შექმნის თანამშრომლობის ახალი ფორმების განვითარებისთვის.

შიმონ შინკოვსკი ველ სეკმა დაადასტურა, რომ პოლონეთი განიხილავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე წევრს, ასევე  მნიშვნელოვანი კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყანას და აღუთქვამს სრულ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის  პრიორიტეტებსა  და პერსპექტივებზე, განიხილეს 2019 წელს საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.