საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა

12.02.2020 სტრასბურგი- თავის გამოსვლაში მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის მნიშვნელობას.  „ანგარიში წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს,  რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისთვის და რომ ქვეყნის წინაშე არსებულ უამრავ გამოწვევებთან ჩვენ მარტო არ ვართ “- განაცხადა მან.

გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის  ყოველწლიური ანგარიშზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მტკიცე ერთგულება ევროინტეგრაციასთან მიმართებაში კვლავ პრიორიტეტად რჩება, ასევე საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად მოიაზრება. ანგარიში ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA–ს შესრულების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, მოცემულია მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა მიმართებაშიც საქართველომ  დამატებით ძალისხმევას უნდა მიმართოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

„ჩვენს სრულად ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია საკვანძოა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისთვის. ხელშესახები პროგრესის მიუხედავად, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე სრულად  ამოქმედდეს“-განაცხადა მახარობლიშვილმა.     

საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობაზე.

მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი შეუწყო  სამართლებრივი ჩარჩოების განახლებას; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას; ასევე უვიზო რეჟიმის ამოქმედებას; ხელმისაწვდომი გახადა განათლების სისტემები; გააღრმავა ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა.
მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატად დარჩენის მიზნით, საჭიროა მოქნილი, დინამიური და წინდახედული მიდგომა; სასურველია ყველა პარტნიორისთვის,  ახალი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზება, ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციის მიზნით.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, ფორმატი წარმოადგენდა ინტეგრაციის მძლავრ ინსტრუმენტს. ჩვენი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ამბიციური მიზანი შესაძლოა იყოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომა. აუცილებელია, რომ ევროკავშირმა აღიაროს, რომ იმ ასოცირებულ ქვეყნებს, რომლებიც ევროპული ნორმებით და ფასეულობებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სახელშეკრულებო ვალდებულებებს და ვითარდებიან როგორც კონსოლიდირებული დემოკრატიები, აქვთ უფლება ჰქონდეთ მომავალი ევროკავშირში“- განაცხადა მახარობლიშვილმა.