საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

27.02.2018 ქ. ვაშინგტონი - ​მ.წ. 27-28 თებერვალს, აშშ-ის მხარის მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ქ. ვაშინგტონში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციის კონფერენციაში Conference on Mobilizing Law Enforcement Efforts to Defeat ISIS იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში 2018 წლის 26 თებერვალს მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერინ ბარკლისთან.

დავით ზალკალიანმა აშშ-ის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების შესახებ.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის წვდომის უზრუნველყოფის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დაგეგმილი ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი.