საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოს კანდიდატი წარუდგინა.

2018 წლის 11 მაისს დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის საკითხის პრიორიტეტულობას საქართველოსთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, საქართველომ მეორე ვადით წარადგინა  დოქტორი ლია ნადარაიას კანდიდატურა  ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის კომიტეტში. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ქართველი კანდიდატის 35 წლიანი გამოცდილების შესახებ.

შეხვედრაზე დიპლომატებს  ქართველმა კანდიდატმა, დოქტორმა ლია ნადარაიამ მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ, მათ შორის კომიტეტის ფარგლებში და გააცნო თავისი პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს არჩევის შემთხვევაში.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრთა არჩევნები გაიმართება ქ. ნიუ-იორკში, 2018 წლის 7 ივნისს, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების 20-ე შეხვედრის ფარგლებში.​