საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

დისკუსიაზე, თუ რა გავლენა აქვს ევროკავშირს იმ ქვეყნების ტრანსფორმაციაზე, რომლებიც  მიისწრაფვიან ევროკავშირისკენ, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ევროკავშირის დადებით „რბილ ძალაზე“  უბიძგოს მეზობელ და გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უკეთესობისკენ გარდაქმნისაკენ.
 
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა ყოველთვის იყო განვითარების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია საქართველოსთვის“ და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა მრავალი დემოკრატიული ხასიათის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკური მიმართულებებით.
 
“წელს აღვნიშნავთ ათი წლისთავს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ ეფექტიან მექანიზმად ევროპასთან დაახლოებისათვის. ათი წლის წინანდელთან შედარებით, დღეს საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის DCFTA შეთანხმება და საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი“.
 
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ცალმხრივად მუშაობას რათა მზადყოფნაში იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მეტად მტკიცე პოზიცია კავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით - „როდესაც საქართველო ახდენს მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირებას, მას ეს უნდა დაუფასდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მწვავე იმედგაცრუებას ქვეყნის შიგნით და არასწორ სიგნალს გაუგზავნის ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის გარეთ“.
 
„ყოველთვის, როდესაც ვიკრიბებით ნატოს სამიტებზე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალებზე და სხვა მნიშვნელოვან შეკრებებზე, ჩვენ ვისმენთ დადებით შეფასებებს საქართველოს მიერ განცდილ პროგრესზე, თუმცა, სამწუხაროდ, არ ხდება ამ შეფასებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს გაწევრიანების მიმართებით. მიუხედავა ამისა და ევროკავშირის ზოგი წევრი ქვეყნის სკეპტიკური განწყობისა კავშირის გაფართოების მიმართებით, მე მჯერა, რომ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის რეფორმირება ევროკავშირის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიზნით“.
 
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის განწყობის მნიშვნელობის შესახებ - „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც დიდი უპირატესობაა ჩვენი მთავრობისთვის. ეს გვაძლევს მუხტს, რომ მეტი ენერგიით ვიმუშაოთ ჩვენი მიზნის მისაღწევად“.