საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან

შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-უკრაინის პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სტრატეგიული თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავებას.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენები, რაც მხარეების შეფასებით გახლავთ რუსეთის ფედერაციის აგრესიის მორიგი გამოხატულება და საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების, მათ შორის საზღვაო სამართლის უხეში დარღვევა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორივე მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატოსთან თანამშრომლობას. აღინიშნა ამ მიმართულებით ალიანსისა და საქართველოს შორის უკვე არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებები, რაც ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაშიც აისახა.
 
“ვისაუბრეთ იმ მძიმე სიტუაციაზე რომელიც შექმნილია აზოვის ზღვის პრობლემასთან დაკავშირებით. მოვისმინე უკრაინის პოზიცია,ასევე ის დამოკიდებულება და ინიციატივები, რომელსაც ისინი გააჟღერებენ მინისტერიალზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ის რაც ხდება აზოვის ზღვაში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხზე მყისიერი რეაგირება”-განაცხადა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის კომენტირებისას.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. მინისტრები მიესალმნენ და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
უკრაინის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას მიულოცა ქვეყანაში  ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

აღსანიშნავია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. აღსანიშნავია რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.