საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა წარმოადგენდა.

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრების მიმდინარეობისას ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე, განსაკუთრებით ევროკავშირის /შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმული ნაბიჯები და ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

მინისტრმა გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალები და ასევე, ისაუბრა სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

მინისტრის გამოსვლის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.