საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვიპროსში ვიზიტი დაიწყო

18.05.2017, ნიქოზია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქ. ნიქოზიაში ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა  გამართა კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასულიდისთან. 

შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოხატეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და ხალხთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას. 

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის  მნიშვნელობას და აღინიშნა ის ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ნიქოზიაში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართება. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ კვიპროსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება და აღნიშნეს რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. 

მხარეებმა ისაუბრეს დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებზე.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დიდ პოტენციალზე. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლას, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მგზავრთა ნაკადების ზრდას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. 

ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროში არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტთან საკმაოდ ნაყოფიერი და უპრეცედენტო პროექტების მიმდინარეობით, რომლის შედეგადაც 2016 წელს კვიპროსის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას უნიკალური ქართული ტაძარი იქნა აღმოჩენილი. პროექტი 2017 წელსაც გრძელდება. 

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესი და კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნო ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. მინისტრებმა  მიმოიხილეს  ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტები და მოლოდინები. გამოითქვა იმედი, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე.