საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

10.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც 10-11 აპრილს ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

“საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც  მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. აქტივობები, რომლებსაც მთავრობა ხალხის ამგვარი მხარდაჭერის მისაღებად ახორციელებს, საჯარო დიპლომატიის საუკეთესო მაგალითია. ამასთან, ჩვენ  გვაქს პროგრესი როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ხალხის მხარდაჭერის მობილიზების თვალსაზრისით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნეს. ფორუმს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები დაესწრნენ.