საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

6.02.2020 ქ. ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ რიკერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ადგილზე  უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და  კონფლიქტის მშვიდობიანი დარგეულირების პროცესში ჩართულობისთვის.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.