საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამთავრობო კომისიას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოები გააცნო

22.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის რიგით 58- სხდომა. სხდომაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

დღის წესრიგის გათვალისწინებით საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია   განვლილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის" შედეგების შესახებ და  ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში  არსებული ყველა აქტუალურ საკითხზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა "აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე' ევროკავშირის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ლიდერი პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის პროგრესს მრავალი მიმართულებით.

სხდომის ფარგლებში, იმსჯელეს 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის თაობაზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აღნიშნული ფორმატის  მნიშვნელობას. მინისტრის შეფასებით, ახალი ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილს: „ეს გახლავთ უპრეცედენტო ფორმატი, რომლის მსგავსიც არ გააჩნია არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას. ეს არის მხოლოდ საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე საქართველო წარსდგეს მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული იდეებითა და გეგმებით, რომლებიც წაგვიყვანს ასოცირების ხელშეკრულების მიღმა.“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, შეხვედრაზე განსაკუთრებით იქნა გამახვილებული ყურადღება  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების მიმდინარეობაზე, რომელიც წარმოადგენს ქართული მხარის ცალმხრივ ინციატივას. მისი თქმით, დოკუმენტის მომზადების პროცესში აქტიურად არის ჩართული  სამოქალაქო საზოგადოება და პარლამენტი. დავით ზალკალიანის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებულია ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე და ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და მათ განხორციელებაზე.

 შეხვედრაზე იმსჯელეს უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე; დაიგეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები; დადებითად შეფასდა საქართველოში გახსნილი ევროპული სკოლის მნიშვნელობა ევროპულ ფასეულობების გამყარების კუთხით. 
 
კომისიის სხდომაზე განხილული იქნა  ასოცირების დღის წესრიგისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კომპონენტების შესრულების ანგარიში. საუბარი ასევე შეეხო 2017-2020 წლებში საქართველო-ევროკავშირის დახმარების პროგრამას, კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ ევროკავშირის მხრიდან მოხდა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საბაზრო შესაძლებლობების გაზრდას, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, გარემოს დაცვის საკითხების გაუმჯობესებას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია წარმოადგენს უმაღლეს ფორმატს, რომელიც მთავრობის წევრების მონაწილეობით კოორდინაციას უწევს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ის განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა.