საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მეცნიერის, აღმოსავლეთმცოდნის და საერთაშორისოდ ცნობილი არაბისტის, აპოლონ სილაგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბატონი აპოლონ სილაგაძე 1997 წლიდან 2004 წლამდე გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. სწორედ მისი ელჩობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი საქართველოსა და ეგვიპტის ორმხრივ ინტენსიურ ურთიერთობებს. ამავე პერიოდში, ის ასევე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკაში და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რეზიდენციით ქ. კაიროში.

ამასთან, ბატონი აპოლონი ეწეოდა წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას. სხვადასხვა პერიოდებში მას ეკავა თანამდებობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1981-1985 წლებში ის გახლდათ უნივერსიტეტის პრორექტორი, 1986-1988 წლებში - აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, 2004-2006 წლებში სემიტოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 2006-2017 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

ბატონ აპოლონს გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომი და არაბული პოეზიის ნიმუშთა თარგმანები. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებსა და სტუდენტებს.