საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ

23.02.2017 თბილისი - პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა  ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა  საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე  დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გომაში.
 
კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.
 
საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
 
სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.