საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

02.17.2017 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის სამხრეთში, ქ. სეჰვანის (Sehwan)  ლალ შაჰბაზ კალანდარის ტაძარში (Lal Shahbaz Qalandar shrine) 2017 წლის 16 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დაშავდა.

საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას და პაკისტანელ ხალხს,  უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.