საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

25.12.2018 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე  ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ასგარ მოჰამმადი.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები.
 
აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ირანის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესების დარღვევებს (ხშირად სათანადო ინფორმაციის არ ქონის გამო)  და ამისთვის საჭიროა მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ირანელ კოლეგებს შესაბამისი სტატისტიკა წარუდგინა.
 
ირანულ მხარესთან ასევე შეთანხმდა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და ირანელი ვიზიტორების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა საქართველოს საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ, რომელსაც ირანული მხარე შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელებს. 
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს. 
 
შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განხილულ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.