საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის 27 წლის იუბილე მიულოცა

7.11.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 27 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. დავით ზალკალიანმა მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ყაზახეთის მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებს და თბილისსა და ასტანას შორის არსებულ სანიმუშო ორმხრივ ურთიერთობებს. მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის გარდა ყაზახეთის ელჩსა და ყაზახ ხალხს ქ. ასტანას 20 წლის იუბილეც მიულოცა, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. მან გაიხსენა უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენა ასტანა-2017-იც, რომელშიც ქართულმა მხარემაც მიიღო მონაწილეობა.
 
„საქართველო-ყაზახეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა. არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენს შორის მოლაპარაკების, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე არ გადაიჭრას. გახშირებულია მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები რაც აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. გასულ წელს წარმატებული გამოდგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ყაზახეთში. მიღწეულ იქნა შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მისასალმებელია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გვაქვს ხელშესახები შედეგები, 2018 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქონელბრუნვა გაზრდილია და უკვე აჭარბებს 100 მლნ აშშ დოლარს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაღალი ტემპებით იზრდება ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი, რომელთა რაოდენობამაც მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ამ დროისთვის უკვე გადააჭარბა 50,000 ადამიანს. მივესალმებით ასევე მეტ ყაზახურ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში. გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე ყაზახ ერს დღევანდელ დღეს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო, ბიზნეს სექტორის და საქართველოში ყაზახური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.