საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

23.05.2019 სერბეთი- სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მარკო კადეზს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა. აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების შემსუბუქებისა და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში დაგეგმილი  საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთავრობო  ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომისა და ქართულ-სერბული მეორე  ბიზნეს-ფორუმის გამართვის მნიშვნელობას.  გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს შესაბამის უწყებებს  შორის, რათა მოხდეს  ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შორის აქტიური კონტაქტების დამყარება.