საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23.10.2018 მალაიზია- საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალური ცერემონია მალაიზიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა,  ტან სრი დატუკ ტერ ლეონგ იაპმა უმასპინძლა.
 
ოფიციალურ ცერემონიამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების დამყარების პერსპექტივების, ვიზიტების გაცვლისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ამ თვალსაზრისით, გამოიკვეთა ენერგეტიკის, ტურიზმის და წარმოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების, ასევე ეკონომიკური რეფორმების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი და მზაობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მალაიზიის კერძო სექტორის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების დასასრულს შედგა გიორგი შარვაშიძისა და ტან სრი დატუკ ტერ ლეონგ იაპის ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მხარეებმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრეს მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო  პერსპექტივებზე.