საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

11.06.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის  არსებულ ისტორიულ კავშირებს, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ორი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე.

აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა წარმატებულ საპარლამენტო თანამშრომლობას და მხარეები  მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.

მიხეილ ჯანელიძემ ბულგარეთის მხარეს ევროკავშირის საბჭოს წარმატებით თავმჯდომარეობის დასრულება მოულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ბულგარეთს  სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

საუბარი შეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ქართულმა მხარემ ბულგარეთის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.

ცვეტა კარაიანჩევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის  მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში და გამოხატა ამ პროცესში შემდგომი დახმარების მზადყოფნა. ბულგარეთის მხარე  მიესალმა საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ ჩანაწერს და    პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნებას. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული  სექტორული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და  ენერგეტიკის სფეროებში მიმდინარე ერთობლივი პროექტებზე. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს  ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. ცვეტა კარაიანჩევამ საქართველოს ვიცე-პრემიერი ბულგარეთში მიიწვია.