საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღებას დაესწრო

29.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღებას დაესწრო. 

ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმ პოტენციალს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოსა და ჩინეთს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით გააჩნიათ.

,,ჩვენ მრავალი მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად უკავშირდება ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი სი ძინპინის ინიციატივას “ერთი სარტყლი-ერთი გზა”. განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, კი ჩინეთი გასაღების მეორე ბაზარს წარმოადგენს, დინამიკა კი მზარდია. მისივე თქმით, საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციების, ბიზნეს იდეებისა და ინოვაციებისათვის.