საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9.04.2018 თბილისი - დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა. მათ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დიდი სიხარულისა და დიდი ტკივილის გამაერთიანებელი დღე. რაც მთავარია, ეს დღე გამოხატავს ჩვენს სწრაფვას თავისუფლებისადმი. ჩვენი ხალხის ძალას, გაერთიანდეს და იბრძოლოს დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ ვიხილეთ ის თავგანწირვა, რომელმაც მოიტანა და აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობა და განსაკუთრებით მიშვნელოვანია ეს წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების ასი წლის თავს და შემდეგ უკვე ბრძოლას დამოუკიდებლობის აღსადგენად. 

ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ მიზნებისათვის ბრძოლა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას, ჩვენ ერთობასა და ჩვენს უკეთეს მომავალს.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.