საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს უმასპინძლა

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტის წარმატებული მიმდინარეობა და ხაზი გაუსვეს ამ ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. 

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა  ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრზე. სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას,  მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე და შეთანხმდნენ პრემიერ-მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმებების ერთობლივ იმპლემენტაციაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროების კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის მნიშვნელობაზე.

პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა განიხილეს სექტორული და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში პერსპექტივებს. ინიციატივების ჩამოყალიბებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომისა და მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფების უახლოეს მომავალში შეხვედრის მნიშვნელობა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.