საქართველოს ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა

2018 წლის 21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. ვიზიტის ფარგლებში როუზ გიოტმიოლერი საჯარო ლექციას წაიკითხავს ქართველი სტუდენტებისთვის. აგრეთვე დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას. 

აღნიშნული ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი,  გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.

ივლისში გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც პირველად ისტორიაში საქართველოს საკითხზე  გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე,  ახლა უკვე გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ცხადყოფს ნატო-საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.