საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

26.04.2019 არაბთა გაერთიანებული საემიროები- აბუ-დაბიში გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები  საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. 
 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან -  საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ხალიფა შაჰინ ალ-მარარი.
 
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები.
 
მხარეები მიესალმნენ თბილისსა და აბუ-დაბიში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის გადაწყვეტილებას  (საემიროების საელჩო თბილისში გაიხსნა 2018 წლის ბოლოს, ხოლო საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში გაიხსნება 2019 წლის ბოლომდე).



შეთანხმდა საქართველოს და საემიროებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების და განვითარების კონკრეტული გეგმა.
 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ქართულმა მხარემ საემიროების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”) უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საემიროების მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთვის.