საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა

25.04.2017 თბილისი - ​საქართველოსა და არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა. 

კონსულტაციებს საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ხოლო არგენტინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  გუსტავო სლაუვინენი.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ ნაბიჯებზე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მრავალმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა, მათ შორის სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის მიმართულებით მიმდინარე პროცესი.
 
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 24 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გაიმართა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების ფილმების ფესტივალის ოფიციალური გახსნა, რომელსაც არგენტინის დელეგაციასთან ერთად დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.