საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა

 31.10.2017 ავსტრია - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ვენის საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის, UNESCO- მშვიდობის ხელოვანის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი და  საზეიმო მიღება გაიმართა. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

„2017 წელს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაახლოვა. დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მათ შორის სოფლის და სატყეო მეურნეობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საპოლიციო, იუსტიციის და სხვა სფეროებში. მოხარულნი ვართ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს,“ - განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოფვმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. კარლჰაინც კოფვმა აღნიშნა, რომ  ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სექტორებით. მან ასევე ისაუბრა გასულ წელს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საელჩოს გახსნაზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების გარანტიაა.

ღონისძიებას ავსტრიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

საღამო  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა.