საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

11.10.2019 თბილისი - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის გაიმართა მორიგი საკონსულო კონსულტაციები. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ფაიგ ბაგიროვი.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესრულების მდგომარეობა, ორ მხარეს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის.


განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, მოქალაქეთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ორმხრივი ხელშეკრულებები და პროექტები განათლებისა და საზღვრის დაცვის სფეროში. ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა არალეგალური გადაადგილების აღკვეთისა და სეპარატისტული მთავრობების მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების  კუთხით.


მხარეები შეთანხმდნენ, საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე,  ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.