საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

17.04.2019 ბაქო - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რამიზ ჰასანოვი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კონსულტაციების ფარგლებში, ასევე გაიმართა ლაშა დარსალიას შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან.