საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში (რეზიდენციით ქ. რიადი) გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის პარლამენტის (მაჯლის ალ-შურა) თავმჯდომარესთან, ალი ბინ სალეჰ ალ-სალეჰთან.


შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბაჰრეინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.


ბაჰრეინის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ასევე სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, შეიხ აბდულა ალ-ხალიფასთან და სამეფოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურზიმის მიმართულებით ურთიერთობის გააქტიურების საკითხს. ელჩმა ბაჰრეინის მხარეს გააცნო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები. გამოიხატა დაინტერესება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შმდგომი განვითარების მიმართულებით.