საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

11.10.2018 - სოფიაში, საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი.

კონსულტაციებისას მხარეებმა  საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. ასევე,  მინისტრის მოადგილემ აღნიშნა  ბულგარეთის მნიშვნელოვანი წვლილი  საქართველოს  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში ბულგარეთის საელჩოს, როგორც საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს.

ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს.  აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის მომდევნო სხდომა გაიმართება ბულგარეთში 2019 წლის დასაწყისში და დარჩენილი პერიოდი გამოყენებული იქნება სხდომის მაღალ დონეზე მოსამზადებლად, რაც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები.

კონსულტაციებისას აღინიშნა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით არსებული პოტენციალი, რაც საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეობს. ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს  საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურებისა და ახალი მარშრუტების ჩამოყალიბების საკითხები.

მხარეებმა ასევე განიხილეს ცირკულარული მიგრაციის საკითხი, რაზეც ბულგარეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთში შექმნას ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ბულგარეთის მხარეს მიულოცა ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა 2018 წლის პირველ ნახევარში. თავის მხრივ, ბულგარეთის მხარემ კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მომავალშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა ამ მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა. 

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

ბულგარულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული  აქტუალური თემები.

კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.