საქართველოსა და ევროკავშირს უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა

11.10.2017 თბილისი - ​ქ. თბილისში გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა. ერთდღიანი შეხვედრა ასახავს მხარეების მზაობას გააღრმაონ თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. ამ შეხვედრამ ასევე დაადასტურა ის მნიშვნელობა, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს საქართველოს როლს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც მიესალმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.
 
შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარი.
 
მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა: ,,მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველ შეხვედრას. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა და მზად არის ხელი შეუწყოს სტაბილურობას როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის იდეის განხორციელებაში. ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოში და მის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს დიალოგი ბევრ სიახლეს მოგვიტანს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს.’’.
 
საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-კრისტოფ ბელიარმა განაცხადა: ,,ევროკავშირი აფასებს საქართველოს, როგორც უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხებში მნიშვნელოვანი პარტნიორის, როლს. ჩვენი სტრატეგიული ინტერესია ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მედეგობის შემდგომი გაძლიერება. ერთად მუშაობით,  ჩვენ შევძლებთ  მივაღწიოთ  დადებით ცვლილებებს არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ საერთაშორისო არენაზე. საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ამის კარგი მაგალითია. ჩვენი პრიორიტეტია შემდგომი წვლილი შევიტანოთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით და ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ არსებულ ვითარებაზე”.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, ისეთი საკითხები, როგორიცაა რადიკალიზაცია, ძალადობრივი ექსტრემიზმი და ჰიბრიდული საფრთხეები. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე  ენერგოუსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები. უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის  შეხვედრები გაიმართება რეგულარულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და მიეძღვნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს აქტუალურ საკითხებს, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით (CSDP).