საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 23 მაისს, ჰელსინკიში საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ფინეთის მხრიდან - აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი მაიმო ჰენრიკსონი. პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, სტრატეგიული კომუნიკაციების და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტების დირექტორებმა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ფინეთის ელჩმა, საქართველოსა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე თავდაცვის, გარემოს დაცვის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
საქართველოს დელეგაციამ მადლიერება გამოხატა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ფინეთის ქმედითი მხარდაჭერისთვის, რისი დასტურიცაა ფინური მხარის ხელშეწყობით, წლების განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე თვინინგისა და სხვა პროექტები.  
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, კერძოდ, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, მ/წლის ივლისის თვიდან ფინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტებზე. აღინიშნა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა  წელს, პარტნიორობის 10 წლისთავის აღნიშვნის მიზნით გასამართ ღონისძიებებზე, მათ შორის  11-12 ივლისს დაგეგმილ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. მაიმო ჰენრიკსონმა აღნიშნა, რომ ფინეთი მომავალშიც  მზად არის ეფექტიანად ითანამშრომლოს საქართველოსთან, გაუზიაროს მას რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილება და ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფინეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან თანამშრომლობისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას. 

აღინიშნა სხვადასხვა ფორმატში ფინეთის მიერ თანმიმდევრულად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციების მიმართ.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ფინურმა მხარემ, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
 
ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მნიშვნელობას, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარების ჭრილში. აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი. შეხვედრისას განისაზღვრა პრიორიტეტული სფეროები, სადაც შესაძლებელია არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და სავაჭრო ურთიერთობების და ბრუნვის გაზრდა. კონტაქტების გაძლიერების მიზნით გამოიყო ტრანსპორტის, მრეწველობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითრების და სხვა სფეროები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა უახლოეს მომავალში მხარეებმა დაიწყონ მოლაპარაკებები ტურიზმის და ასევე საჰაერო მიმოსვლის სფეროებში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.