საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური რაუნდი გაიმართა

2018 წლის 13 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის - „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური რაუნდი.
 
„უორდროპის დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში პლენარული შეხვედრები ტარდება წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში.
 
თბილისში გამართულ შუალედურ რაუნდს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის თანადირექტორი რუპერტ აინლი.
 
სხდომაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის  დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი ალექს ლუის პოლი და ბრიტანული საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე.  
 
შუალედურ რაუნდზე, მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების დღის წესრიგი. ისაუბრეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდგომ მიზნებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები პლენარული სხდომისთვის შესაბამის პანელებზე განსახილველი საკითხების თაობაზე.
 
მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომდევნო პლენარული სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში.
 
შუალედური სხდომის შემდეგ, რუპერტ აინლი გაემგზავრება ბათუმში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.