საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა

22.03.2017 ტოკიო, იაპონია - დღეს ქ. ტოკიოში გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, იაპონიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე, ელჩი ტოშიჰირო აიკი. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო - იაპონიის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა. აღინიშნა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მაღალი მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს 2017 წლის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა და სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გააქტიურების პერსპექტივები. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა, ხელი შეეწყოს იაპონიაში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა,  ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იაპონიის კერძო სექტორის მონაწილეობის უკიდურესად მაღალ მნიშვნელობას. საუბარი, აგრეთვე შეეხო განათლების და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც დადებითად აისახება ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების და ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენციაზე. განხილულ იქნა 2017 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობის საკითხები.

დავით ჯალაღანიამ იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობის მიერ განვითარების მხარდაჭერის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში (Official Development Assistance - ODA) საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკურ ზრდის პროცესში. ქართული მხარე მიესალმა 2016 წელს საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency - JICA) წარმომადგენლობის სტატუსის გაზრდას და გამოთქვა აქტიური მზადყოფნა ხელი შეუწყოს სააგენტოს საქმიანობას საქართველოში.

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატები, ასევე ევროპის და აზია-ოკეანეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. დადებითად შეფასდა „სუამი + იაპონიის" თანამშრომლობის ფორმატი და მის ფარგლებში მიღწეული წარმატებები.  ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2017 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში, აქტიური წვლილი შეიტანოს  აღნიშნული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ყურადღება ასევე გამახვილდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.  

იაპონურ მხარეს მიეწოდა სრული ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების და ამჟამად განვითარებული მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, ტოშიჰირო აიკიმ გაუზიარა ქართულ დელეგაციას ინფორმაცია აღმოსავლეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.

პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-10 რაუნდის გამართვა იგეგმება 2018 წელს ქ. თბილისში.

ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება, რომლის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რიგი ორმხრივი შეხვედრების გამართვა.