საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი გაიმართა

11.03.2019 ჯოგჯაკარტა -  ინდონეზიის ქალაქ ჯოგჯაკარტაში,  საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეექვსე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამართა. 


საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ინდონეზიის მხარეს - ამერიკისა და ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორი, მუჰამად ანშორი.
 
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ინდონეზიის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და დაისახა თანამშრომლობის გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებით და ხელს შეუწყობენ ურთიერთობების გაღრმავებას ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, რეფორმების განხორციელების სფეროში გამოცდილების გაზიარების და კულტურული და  ხალხთაშორისი კავშირების განვითარების მიმართულებებით. ინდონეზიის მხარემ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციას (ASEAN) შორის ფორმალური თანამშრომლობის განვითარების პროცესის მიმართ.
 
შეხვედრისას ინდონეზიის მხარეს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ვითარებასთან და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ინდოეზიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.