საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

11.04.2019 ბოგოტა -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ლათინურ ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ.ბოგოტაში, საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლუზ სტელა ხარა პორტილიამ უმასპინძლა.
 
შეხვედრისას განხილულ იქნა თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო საქართველოსა და კოლუმბიას შორის არსებულ ურთიერთობებს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნების კონკრეტულ უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. 
მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ საგარეო უწყებების ხელშეწყობით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბოგოტას სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებებს შორის უახლოეს პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. 
 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოლენები და პოლიტიკური ვითარება. ასევე განიხილეს საქართველოსა და კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დარგში მხარეების სამომავლო  პარტნიორობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის ინსტიტუციურ თანამშრომლობას. ორმხრივი ფორმატის პარალელურად, ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნების თანამშრომლობა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა. 
 
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა მადლიერება საქართველოს მთვარობის მიმართ, კოლუმბიელი სტუდენტებისთვის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კოლუმბიური მხარის განმარტებით, კოლუმბიის მთავრობა ამუშავებს პროექტს, უახლოეს მომავალში ნაცვალგების პრინციპით საპასუხო შემოთავაზების თაობაზე.
 
ლათინურ ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წინა შეხვედრების მსგავსად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.
 
კოლუმბიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 
 
კონსულტაციების მსვლელობისას, კოლუმბიის მხარეს გამოცდილების გაზიარების კუთხით ეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კორუფციის აღმოფხვრის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. კოლუმბიის მხარემ გამოთქვა მზაობა, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე და გამოხატა მადლიერება "წყნარი ოკეანეთის ალიანსის" ფარგლებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის გამო.

ვიზიტის ფარგლებში საართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა სააგენტო "Investing in Columbia”-ის ხელმძღვანელობას, სადაც განხილულ იქნა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და ორმხრივი ბიზნეს-დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების შესაძლებლობა.