საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე-7 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 29 ივლისს, თბილისში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კორეის რესპუბლიკის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხთა ბიუროს გენერალური დირექტორი, ჯანგ კი-ჰო.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ვრცელი საკითხები, მათ შორის: ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა, ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ჰუმანიტარულ-კულტურულ საკითხებში პარტნიორობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის უხეშ ფაქტებზე.
შეხვედრისას, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კორეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დადებითად შეფასდა არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად იზრდება კორეის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ტურისტთა ნაკადი, რასაც დიდად უწყობს საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების აქტიური მუშაობა. კერძოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით საქართველოს უკვე 7 185 კორეელი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 30% ზრდას წარმოადგენს.

ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კორეის რესპუბლიკიდან. 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობამ 63 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2017 წელთან შედარებით 74% ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკის სფეროზე მოდის.

კონსულტაციების დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. კორეის დელეგაცია საქართველოს 30 ივლისს დატოვებს.