საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22.10.2018 მალაიზია - მალაიზიაში, . პუტრაჯაიაში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, ხოლო მალაიზიის დელეგაციას - მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, დატო სერი რამლან იბრაჰიმი.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე საიუბილეო წელს გაიმართა.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მალაიზიას შორის კონსულტაციების ამგვარი ფორმატის დამკვიდრების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარების აუცილებლობა. შეხვედრაზე საუბარი ასევე  შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო კავშირების დამყარების მნიშვნელობას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა მალაიზიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, მალაიზიის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

მალაიზიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, 22 ოქტომბერს შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დატო მარზუკი იაჰიასთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს და მალაიზიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას.

22 ოქტომბერს, ასევე გაიმართა შეხვედრა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, რიზალ ბინ ნაინისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესების მზარდი როლი მსოფლიო ბაზარზე, ასევე საქართველოსა და მალაიზიას შორის მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის დაწყების და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები.

კორპორაციის წარმომადგენლებს საქართველოს დელეგაციამ გააცნო საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერიპეტიები, საინვესტიციო პოტენციალი და ინფორმაცია საქართველოსა და ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე. კორპორაციის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთეს თავისი საქმიანობის შესახებ და გააცნეს ქართულ მხარეს კორპორაციის სამომავლო გეგმები.