საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20.06.2019. მალდივის რესპუბლიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალდივის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) მალდივის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულა შაჰიდთან. საგარეო უწყებაში შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ორმხრივი კონსულტაციების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას როგორც საგარეო უწყებებს  შორის თანამშრომლობის განვითარების, ასევე ქვეყნებს შორის  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ასევე მალდივის რესპუბლიკის პარლამენტის (სახალხო მაჯლისის) და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის მალდივის რესპუბლიკის  ტურიზმის მინისტრთან, ალი ვაჰიდთან. შეხვედრის ფარგლებში  ხელი მოეწერა  ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკაში ტურიზმის სექტორის წარმატებული გამოცდილება და ხაზი გაუსვეს ამ სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მალდივის განათლების მინისტრთან, რა დროსაც  საქართველოს ელჩმა  მინისტრს მალდივის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად  გადასცა  წიგნები საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. განათლების მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების სფეროში თანამსრომლობის შესაძლებლობებს. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა მონაწილეობა მიიღო მალდივის საპარტნიორო ფორუმში - „Maldives Partnership Forum 2019“.