საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 8-9 აპრილს, მავრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ ლუისში გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის.

სამინისტროს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, რეგიონული ინტეგრაციის და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს საგარეო საქმეთა მდივანთან, ქალბატონ უშა დვარკა კანაბადისთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. მავრიკის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს აგრეთვე ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების აუცილებლობას.

პარალელურად, სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მავრიკის რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტთან მის აღმატებულება პარამასივუმ პილაი ვიაპურისთან; მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, რეგიონული ინტეგრაციის და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრთან ნანდკუმარ ბოდასთან; საგარეო უწყებაში საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე პასუხისმგებელ დირექტორთან და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს პრეზიდენტთან  ვიჯაიკუმარსინხ ბუჯაჰარისთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა  მავრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების თავისუფალი სავაჭრო გაერთიანების ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან მარდაი ვენკატასამისთან

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ კონკრეტულ ნაბიჯებს და სამოქმედო გეგმას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით. შეხვედრებზე აღინიშნა ორი ქვეყნის ბიზნეს პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელობა და შესაბამისად სხვადასხვა ფორმატებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა. მიღწეულ იქნა შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დაჩქარებასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე და მავრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით პრეტორიაში) ბექა დვალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე პორტ ლუისში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ფორმალურ ცერემონიალში.