საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

3.04.2018 ქ. მეხიკო - მექსიკაში საქართველოსა და მექსიკის შეერთებულ შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დეპარტამენტის დირექტორების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებისთვის ქ. მეხიკოს ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ხაბელაშვილი, რომელსაც მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოს ევროპის გენერალურმა დირექტორმა, ფრანცისკო დელ რიომ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი  ხაბელაშვილი მექსიკაში საქართველოს ელჩის, ზურაბ ერისთავის თანხლებით, მექსიკის საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილეს, კარლოს დე იკასა გონსალესს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა პოზიტიურად შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.
 
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და სხვა.
 
ღონისძიების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით. გიორგი ხაბელაშვილმა მექსიკელ კოლეგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.