საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

1.04.2019 თბილისი-საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი დეპარტამენტის დირექტორების დონეზე. 
 
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, ტაილანდის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი სასივატ ვონგსინსავატი.
 
 
კონსულტაციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს და ტაილანდის სამეფოს შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები. 
 
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ტაილანდის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების, ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. სასივატ ვონგსინსავატმა თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ტაილანდის სამეფოს მტკიცე  მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით. სტუმრების წინაშე ყოვლისმომცველი პრეზენტაციით წარსდგა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ წარმომადგენლები.  
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის უკიდურესად მაღალ მნიშვნელობას. ტაილანდის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ტაილანდის სამეფოში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას. სასივატ ვონგსინსავატის განცხადებით, მნიშვნელოვანია მხარეებმა მოახდინონ საინტერესო მიმართულებების იდენტიფიცირება ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით. 
 
მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს განავითარონ ურთიერთობები როგორც მოკლე ვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
 
ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელობასთან. ასევე, დელეგაცია ეწვევა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და რძის პროდუქტების კომბინატს - „სოფლის ნობათი“.