საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

20.02.2018 ანკარა - საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა, ხოლო თურქეთის დელეგაციას - მინისტრის მოადგილე ბატონი უმით იარდიმი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. 

საქართველოს დელეგაციამ გამოხატა მადლიერება თურქეთის მხარის ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დისკუსია, ასევე, წარიმართა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის თაობაზე და ამ მიმართულებით თურქეთის მხარის აქტიურ ჩართულობაზე.

კონსულტაციის მსვლელობისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლების, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამასთან, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და დააფიქსირეს მათი კიდევ უფრო გაღრმავების საერთო ინტერესი. ხაზგასმით  აღინიშნა, რეგიონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მესამე სხდომა, რომლის გამართვა დაიგეგმა 2018 წლის პირველ ნახევარში ანკარაში. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა.

ქართული მხარის ინიციატივით, მხარეებმა მიმოიხილეს საკონსული საკითები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დეტალები. მუშაობის გაგრძელება გადაწყდა შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. 

შეხვედრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.