საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრებს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა

27.03.2018 .თბილისი - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბრეგვაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, სერგეი კორსუნსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის გათვალისწინებულია ცოდნისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარება, აკადემიური პერსონალის გაცვლა და სხვა ტიპის თანამშრომლობის დამყარება.

მემორანდუმის გაფორმებამდე,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა აღნიშნული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებში დიპლომატების გადამზადების არსებული სისტემა და დიპლომატიურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ვიზიტის დასასრულს, უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, დიპლომატებს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.