საქართველოსა და უზბეკეთის საგარეო უწყებებს შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 19 ივლისს, ქ. ტაშკენტში გაიმართა პირველი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. ქართულ მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო უზბეკური მხარის დელეგაციას, საკონსულო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, ბობურ აზიზოვი.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსულო კონვენციის შესრულების მდგომარეობა და ორ მხარეს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის.


განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ელექტრონული ვიზების გაცემის, საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემის, საკონსულო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საპატიო კონსულის ინსტიტუტის გამოყენების საკითხებში.

საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, გაფორმდა ოქმი, რომელშიც დაფიქსირდა უზბეკური მხარის სურვილი ორი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ქართული დელეგაციის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მრჩეველთან, სამინისტროს აღმასრულებელი აპარატის ხელმძღვანელთან, ჟახონგირ ხიდაიხოჯაევთან.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა გამოცდილების გაზიარების კუთხით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკონსულო კონსულტაციების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ტაშკენტსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების ფონზე.