საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება


2019 წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. 

ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ასევე თავის მხრივ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში  რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია. 

საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას. 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.