საქართველოში გაეროს ახლდდანიშნულმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნების სიგელის ასლები გადასცა

2018 წლის 6 ნოემბერს, გაიმართა საქართველოში გაეროს ახლდდანიშნული რეზიდენტ-კოორდინატორის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტ-წარმომადგენლის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის რწმუნებათა სიგელის ასლების გადაცემის ცერემონია. ცერემონიის შემდეგ შედგა შეხვედრა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლუიზა ვინტონს, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოში გაეროს და UNDP-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში გატარებულ რეფორმების თაობაზე. გაეროს წარმომადგენელს მიეწოდა, ასევე, დეტალური ინფორმაცია  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, რეგიონების მცხოვრებთათვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებისა და ადამიანთა უფლებების სხვა უხეში დარღვევების შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის საჭიროებას და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა ლუიზა ვინტონს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მიერ საქართველოში გაეროს ოფისის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, ლუიზა ვინტონმა გამოთქვა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.